სამართალი შუშის სასახლეში მიტანით... მაშინ, როდესაც ქვეყანაში სიკვდილის კოვიდ-აჩრდილი დაძრწის: 19 წლის თეკლა, უყურადღებობის გამო თვალწინ გვიკვდება, საავადმყოფოების დერეფნებში ინფიცირებულები წვანან, ვინც სახლში ჯანმრთელი წევს - არ სძინავს, რადგან მასობრივი უმუშევრობის გამო, არ იცის - როცა გათენდება შვილებს რა აჭამოს, იმ ფონზე, როცა, ალბათ დროის საკითხია დღევანდელი აფხაზეთის მსგავასად, ელექტროენერგიის 6 საათიან გრაფიკზე როდის გადაგვიყვანენენ…. ყაჩაღები თბილისის ზღვის კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო ჰოსპიტალს ძარცვავენ; ვითომ ტერორისტს მძევლები აყავს და პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს; პოლიციელები კარდონის ნაჭრებსა და შეშაზე ნადირობენ და ბუშტებს დასდევენ გასახეთქად და საზოგადოების განხილვის ერთერთი მთავარი თემა ის ხდება, უნდა გააგდონ თუ არა ვოლტის კურიერი სამსახურიდან SMS ქათინაურის გამო.
ეს ის კონდიციაა, რომლესაც სხვას ვერაფერს დავარქმევთ, თუ არა - ქართულ სიურეალიზმს, სადაც ცნობილთა შორის ყველაზე ცნობილი სიურიალისტი სალვადორ დალიც კი ინატრებდა ცხოვრებას. გაკვირვებისგან მისი აპრეხილი ულვაშები კიდევ უფრო აიპრიხებოდა, მის გრძელფეხება გაბერილ სპილოებს კი ფეხები მეტად დაუგრძელდებოდათ.
დიახ! დღეს თითქმის ყველაფერი დაკეტილი და წარმოება გაჩერებულია. ერთადერთი ქარხანა კი რომელსაც რეგულაცია არ ეხება და შეუფერხებლად მუშაობს, სასამართლო და პროკურატურაა, რომელიც მაშინ და იმ ტემპით აცხობს ცხელ-ცხელ საქმეებს ოპოზიციონერი პოლიტიკობსების და კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელთა წინააღმდეგ, როდესაც და როგორც ეს მის არაფორმალურ მფლობელს სჭირდება.
სასამართლომ საქმეები ჯერ ჩანიშნა ოქრუაშვილის, მელიას, უგულავას და გვარამიას წინააღმდეგ, შემდეგ კი ვითომდა კოვიდის მიზეზით, კვლავ გადადო. რას უნდა ნიშნავდეს ივანიშვილის ეს გზავნილი და სამართლი სახლში მიტანით? ან რაში სჭირდება მას პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების გაცოცხლება მაშინ, როდესაც "ოცნების" ხელისუფლებას ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა აქვს. ჩვენი დასავლელი მეგობრები კი თავჩარგული შრომოებენ მესამე რაუნდის წინ იმისთვის, რომ ქვეყანა ერთპარტიული პარლამენტისგან და პოსტსაბჭოთა ლიგაში ჩამოქვეითება- დაბრუნებისგან იხსნან. პასუხი მარტივია: ეს ივანიშვილის არაერთხელ ნაცადი ხერხი და ტაქტიკური ნაბიჯების მონახაზია, სწორედაც რომ მოლაპარაკების მომდევნო რაუნდის წინ. ამით ოცნების ლიდერი ცდილობს ყველას აუწყოს, რომ ძალაუფლება კვლავ მის ხელშია და დამსჯელი მექანიზმი იმის მიხედვით ჩაირთვება და გამოირთვება, როგორც ამას ერთმმართველი გადაწყვეტს. გარდა ამისა, ის ამ ნაბიჯით ოპოზიციას წნეხის ქვეშ აქცევს და მათი ისედაც გაფანტული ყურადღება მთავარი, საარჩენვო თემიდან, თვითგადარჩენის საკითხზე გადააქვს. და თუ ოპოზიციის ლიდერეთა ნაწილი კვალავ ციხეში აღმოჩნდება, მეორე ნაწილი კი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდება, მათი კოლეგების გათავისუფლება ავტომატურად გახდება მთავარი პრიორიტეტი, რაც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნას მეორეხარისხოვან საკითხად აქცევს, ოცნებას კი ახალი პირობების წამოყენებას გაუადვილებს.
მოკლედ, სერვისი სახელწოდებით "ქართული სამართალი ადგილზე მიტანით შუშის სასახლეში", კოვიდ პირობებშიც ეფექტიანად მუშაობს. - ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, თავად დარჩება, თუ ივანიშვილს მოაქცევს თვითიზოლაციაში.